უკრაინელი ბიზნესმენი იგორ კოლომოისკი ვლადიმირ ზელენსკის ქვეყანაში დეფოლტის გამოცხადებას სთავაზობს
უკრაინელი ბიზნესმენი იგორ კოლომოისკი უკრაინის ახალ პრეზიდენტს სთავაზობს ქვეყანაში დეფოლტი გამოაცხადოს. ამის შესახებ კოლომოისკიმ ბრიტანულ გამოცემა „ფაინანშალ თაიმსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„ვფიქრობ, კრედიტორებს ბერძნების მსგავსად უნდა მოვექცეთ, ან მაგალითად არგენტინა ავიღოთ. რამდენჯერ იყო დეფოლტი არგენტინაში? და მათ მაინც შეძლეს ვალების რესტრუქტურიზაცია“, – განაცხადა ოლიგარქმა.
ამჟამად კიევში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია იმყოფება, რომელიც უკრაინის ახალ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს მართავს. 2018 წელს უკრაინამ და საერთშორისო სავალუტო ფონდმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის რეალიზაციის შემთხვევაში კიევი 3,9 მილიარდი დოლარის ოდენობით კრედიტს მიიღებს.
აღსანიშნავია ისიც, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა მხარი დაუჭირა „პრივატბანკის“ ნაციონალიზაციას. ეს ბანკი კოლომოისკის ეკუთვნის. ბიზნესმენმა მისი ნაციონალიზაცია სასამართლოში გაასაჩივრა.
შეგახსენებთ, რომ იგორ კოლომოისკი უკრაინაში რამდენიმე დღის წინ, უკრაინის პრეზიდენტად ვლადიმირ ზელენსკის არჩევის შემდეგ დაბრუნდა. კოლომოისკი საჯაროდ უჭერს მხარს ზელენსკის. მას ეკუთნის ტელეარხი „1+1“, რომელზეც სტუდია „კვარტალ 95“-ის გადაცემები გადის. ამ სტუდიის დამფუძნებელი ვლადიმირ ზელენსკია.