უკრაინასთან ურთიერთობების საკითხებში ჟან-კლოდ იუნკერის სპეციალურ მრჩევლად ელმარ ბროკი დაინიშნა
ევროკომისიამ უკრაინასთან ურთიერთობების საკითხებში ჟან-კლოდ იუნკერის სპეციალურ მრჩევლად ევროპარლამენტის ყოფილი დეპუტატი ელმარ ბროკი დანიშნა, – ამის შესახებ ნათქვამია ევროკომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
როგორც ევროკომისიის განცხადებაშია აღნიშნული, ელმარ ბროკი ევროკომისიის პრეზიდენტს უკრაინასთან ურთიერთობების სტრატეგიასა და პრიორიტეტების საკითხებში კონსულტაციას გაუწევს.
„ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარედ თითქმის 15-წლიანი მუშაობის გამოცდილებით, ელმარ ბროკი ხელს შეუწყობს ახალ ხელისუფლებასთან კავშირების დამყარებას და ახალი ადმინისტრაციის ევროკავშირთან ურთიერთობებში პრიორიტეტებისა და უპირატესობების განსაზღვრას“, – ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.
ევროკომისიის განცხადების თანახმად, აღნიშნული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ შედის ძალაში, ხოლო ელმარ ბროკი ამ პოზიციაზე ანაზღაურებას არ მიიღებს.
გერმანელი პოლიტიკოსი ელმარ ბროკი ევროპარლამენტის წევრად პირველად 1980 წელს აირჩიეს. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის გარდა, ის ასევე მუშაობდა ევროპარლამენტში ევროკავშირის გაფართოების საკითხებზე მთავარ მომხსენებლად, „ევროპის სახალხო პარტიის“ საგარეო პოლიტიკის ჯგუფის წარმომადგენლად.
ამასთან, ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე ჟან-კლოდ იუნკერის უფლებამოსილების ვადა 31 ოქტომბერს იწურება. ამ თანამდებობაზე იუნკერს გერმანიის ყოფილი თავდაცვის მინისტრი ურსულა ფონ დერ ლაიენი შეცვლის.