„ლელომ“ მოამზადა რეზოლუციის პროექტი უკრაინაში სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის თაობაზე.
რეზოლუციის პროექტის შესახებ „ლელოს“ დღევანდელ ბრიფინგზე ისაუბრეს, სადაც განაცხადეს, რომ პროექტს პარლამენტში დღეს დაარეგისტრირებენ.
„საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია უკრაინაში სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის თაობაზე. ხელმძღვანელობს რა საქართველოს ეროვნული ინტერესებით, ეყრდნობა რა გაერო-ს ქარტიას და საერთაშორისო სამართლის სხვა პრინციპებს, რომლის თანახმად, ყველა სახელმწიფოს გააჩნია თანაბარი სუვერენიტეტი და ვალდებულია, თავი შეიკავოს სხვა სახელმწიფოს პოლიტიკური დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ძალის გამოყენებისგან. მიესალმება რა საერთაშორისო ურთიერთობებში მშვიდობის და თანამშრომლობის პრინციპების აღიარებას და დამკვიდრებას. ერთგულია რა საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაფუძნებული საერთაშორისო მართლწესრიგისა და საერთაშორისო საზოგადოების საყოველთაოდ აღიარებული ნორმებისა, მათ შორის საზღვრების ურღვევობისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების. აღიარებს რა საერთაშორისო ურთიერთობებში სახელმწიფოთა თანასწორობის პრინციპს, დემოკრატიას, სამართლის უზენაესობას და ადამიანის უფლებებს საერთაშორისო ურთიერთობების ფუძემდებლურ ღირებულებად. იზიარებს რა, გაერო-ს საერთაშორისო სამართლის კომისიის მიერ შემუშავებულ ნიურნბერგის პრინციპებს, რომელიც ადგენს, თუ რა წარმოადგენს ომის დანაშაულს და 1998 წლის რომის სტატუს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შესახებ.
იხსენებს რა, რომ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები შეიჭრა საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე 2008 წლის 7 აგვისტოს საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფით, მოახდინა საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია და დღემდე არ ასრულებს 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების პირობებს. ადასტურებს რა, რომ 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის ფედერაციამ განახორციელა არაპროვოცირებული და გაუმართლებელი შეჭრა უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე და ფართომასშტაბიანი სამხედრო თავდასხმა უკრაინის სახელმწიფოზე. ითვალისწინებს რა ინფორმაციას, რომ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე არაპროვოცირებული შეჭრისას უკრაინის მთელ რიგ წერტილებში, მათ შორის ბუჩასა და სხვა ქალაქებში, განახორციელეს სამხედრო აგრესია, რომლის შედეგი ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქის, მათ შორის უამრავი ბავშვის სიცოცხლის განადგურება, ათასობით საცხოვრებელი სახლის, სკოლების, საბავშვო ბაღების და სამოქალაქო ობიექტების დანგრევა და უკრაინის ოთხი მილიონი მოქალაქის ქვეყნიდან ლტოლვილის სტატუსით გადინებაა. გმობს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე ჩადენილ ქმედებებს, რომლებიც აშკარად შეიცავენ ომის და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულთა, ასევე საერთაშორისო სამართლის უგულვებელყოფით ჩადენილ სხვა მძიმე დანაშაულთა და ადამიანის უფლებათა სისტემური დარღვევების ნიშნებს.
მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, ყველა შესაძლო ძალისხმევა მიმართოს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე განხორციელებული ომის დანაშაულების დაუყოვნებლივ გამოძიებისა და დასჯის მიზნით. მოუწოდებს ყველა სახელმწიფოს, გამოიყენოს მათ ხელთ არსებული სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატები, პლატფორმები და მექანიზმები რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, რუსეთის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელებისა და მეთაურების, რუსეთის უშიშროების საბჭოს წევრებისა და ყველა შესაბამისი თანამდებობის პირის მიმართ, სამართლებრივი პასუხისმგებლობის დასაკისრებლად, უკრაინის ტერიტორიაზე არაპროვოცირებული შეჭრისა და ჩადენილი ომის დანაშაულებისთვის. საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას ავალებს, მჭიდრო თანამშრომლობის გაწევას უკრაინის აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, რათა მოხდეს 2008 წლის ომში რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილი დანაშაულების დოკუმენტირებისა და სამართალწარმოების მიმართულებით მიღებული გამოცდილების გაზიარება. აღმასრულებელ ხელისუფლებას სთხოვს, დაეხმაროს უკრაინის ხელისუფლებას სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორის გამოძიებასა და გაერო-ს ადამიანების უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის კომისიის მოკვლევაში, უკრაინის პოზიციების დასაცავად საჭირო მასალის შეგროვებაში, როგორც ორმხრივ ფორმატებში, ასევე ევროკავშირთან აღნიშნული მიმართულებით თანამშრომლობის გზით. მხარი დაუჭიროს ყველა საერთაშორისო ფორმატში, მათ შორის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა და მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში, რუსეთის შესაბამისი წარმომადგენლებისათვის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისკენ მიმართულ ნაბიჯებს. აღმასრულებელ ხელისუფლებას ასევე ავალებს, მხარი დაუჭიროს რუსეთისთვის გაერო-ს ადამიანის უფლებების საბჭოს წევრის სტატუსის შეჩერებას“, – ნათქვამია რეზოლუციის პროექტში.