უკრაინაში ევროვიზიის კონკურსში მონაწილეობას მხოლოდ ის კანდიდატები მიიღებენ, რომელთაც რუსეთში 2014 წლიდან კონცერტი არ ჰქონიათ
უკრაინამ ევროვიზიის ეროვნული შესარჩევი კონკურსის წესები შეცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებელი და ტელეკომპანია „ესტიბი“ ავრცელებენ, რომლებიც შესარჩევი კონკურსის ორგანიზატორები არიან.
შესარჩევი კონკურსის წესებში ცვლილება აგრესორ ქვეყანაში მოღვაწეობას ეხება. კერძოდ, ახალი წესის თანახმად, ევროვიზიის ეროვნულ შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია მხოლოდ იმ შემსრულებელსა ან კოლექტივს, რომელსაც რუსეთის ტერიტორიაზე 2014 წლიდან საკონცერტო საქმიანობა არ ჰქონია და არ გეგმავს მას ევროვიზიის ფინალამდე. ასევე მონაწილე არ უნდა იყოს ნამყოფი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში უკრაინის კანონმდებლობის დარღვევით.
უკრაინას 2019 წლის ევროვიზიაში მონაწილეობა არ მიუღია, რადგან უკრაინის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ეროვნულ შესარჩევ კონკურსში გამარჯვებული მომღერალი ანა კორსუნი, რომელიც ცნობილია „მარუვის“ ფსევდონიმით, რუსეთში დაგეგმილი ტურნეს გამო ღონისძიებიდან მოხსნა.
ევროვიზია 2020 წლის მაისში, ნიდერლანდების ქალაქ როტერდამში გაიმართება.