უკრაინაში, ვუჰლედარის დასახლებულ პუნქტიდან ყველა ბავშვი ევაკუირებულია, ქალაქში ჰუმანიტარული დახმარების შეტანა თითქმის შეუძლებელია
ვუჰლედარში ბრძოლები მიმდინარეობს. დასახლებულ პუნქტში 107 მცხოვრები რჩება. ქალაქიდან ყველა ბავშვი ევაკუირებულია. ამის შესახებ დონეცკის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვადიმ ფილაშკინმა ტელეგრამ-არხში დაწერა.
„ბრძოლები მიმდინარეობს ქალაქის შიგნით, ამიტომ ჰუმანიტარული დახმარების შეტანა თითქმის შეუძლებელია“, – აღნიშნავს ფილაშკინი.
აღსანიშნავია, რომ მანამდე სოციალურ ქსელებში გავრცელდა კადრები, რომ ვუჰლედარის ერთ-ერთი შენობის თავზე რუსმა სამხედროებმა რუსეთის დროშა აღმართეს.
ცნობისთვის, ვუჰლედარი, რომელშიც ომამდე 15 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქია. რუსეთის ძალები მის აღებას უკრაინაში ფართომასშტაბიანი ინტერვენციის დაწყებიდან ცდილობდნენ. დასახლება შემაღლებულ ადგილას ორი ფრონტის შესაყარზე მდებარეობს – აღმოსავლეთის დონეცკის ოლქში და სამხრეთის ზაპოროჟიეს ოლქში.