უკრაინაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს მიხეილ სააკაშვილის განცხადების გამო საპროტესტო ნოტა გადასცა
უკრაინაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული დავით ბოჭორიშვილი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ვასილ ბოდნარს შეხვდა.
როგორც უკრაინაში საქართველოს საელჩოს ინფორმაციაშია აღნიშნული, რწმუნებულმა უკრაინულ მხარეს გადასცა საპროტესტო ნოტა უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სააკაშვილის მიერ 9 ივლისს გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით და გამოხატა შეშფოთება უკრაინის ოფიციალური პირის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მისამართით გაკეთებული მიუღებელი განცხადებების გამო.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრის დროს, დავით ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ მსგავსი პროვოკაციული ნაბიჯები ზიანს აყენებს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ, სტრატეგიულ ურთიერთობებს. მხარეებმა გამოთქვეს თანამშრომლობის გაძლიერების მზადყოფნა, ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განმტკიცების მიზნით.