უკრაინაში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დნეპროპეტროვსკზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 20-მდე ადამიანი დაშავდა
უკრაინაში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დნეპროპეტროვსკზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 20-მდე ადამიანი დაშავდა. საცხოვრებელი ზონის დაბომბვის შედეგად სახლები დაზიანდა. დაშვებულთა შორის არიან ბავშვები. ადგილზე სამაშველო ოპერაცია გრძელდება.
ღამის განმავლობაში უკრაინის რეგიონებში საჰაერო განგაშის სიგნალი იყო გამოცხადებული.
უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა დასახლებული პუნქტები და ენერგეტიკული ობიექტები რაკეტებით და უპილოტო თვითმფრინავებით დაბომბეს. უკრაინის საჰაერო ძალებმა ოთხი ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდეს.
უკრაინის არმიის გენშტაბის ანგარიშის თანახმად, რუსი სამხედროები აგრძელებენ თავიანთი ძირითადი ძალისხმევის ფოკუსირებას ლუგანსკის და დონეცკის რეგიონების სრულ ოკუპაციაზე.
გასული დღის განმავლობაში 23 სამხედრო შეტაკება მოხდა.
„ჩვენ, ყველას, უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი თავდაცვა, ჩვენი აქტიური ქმედებები და უკრაინის დამოუკიდებლობა არ არის რაღაც აბსტრაქტული. ეს არის ძალიან კონკრეტული ადამიანები, კონკრეტული გმირების ქმედებები, რომელთა წყალობითაც არსებობს და იარსებებს უკრაინა. ათასობით და ათასობით ჩვენი ყველაზე ძლიერი, მამაცი ადამიანი. მადლობა ყველას, ვინც იბრძვის უკრაინისთვის. მადლობა ყველას, ვინც საბრძოლო პოზიციებზე და საბრძოლო მისიებში იმყოფება. მადლობა ყველას, ვინც მუდმივად წვრთნის ჩვენს ჯარისკაცებს და ყველას, ვინც მკურნალობს ჩვენს გმირებს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.