უკრაინაში ომისა და ქიმიური იარაღის გამოყენების გამო აშშ-მა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა
აშშ-მა რუსეთს უკრაინაში ომისა და ქიმიური იარაღის გამოყენების გამო ახალი სანქციები დაუწესა.
როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ახალ სასანქციო სიაში 280 ფიზიკური და იურიდიული პირი მოხვდა, რომლებიც დაკავებული არიან რუსეთში მომავლის ენერგიის, მეტალების, სამთო მოპოვების წარმოებისა და ექსპორტის შესაძლებლობების განვითარებაში, ასევე სანქციებისთვის თავის არიდებისთვის ხელშეწყობასა და უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომში რუსეთის შესაძლებლობების გაძლიერებაში.
დეპარტამენტი ასევე სანქციებს უწესებს რუსეთის სამ სამთავრობო უწყებას, რომლებიც დაკავშირებული არიან რუსული ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის პროგრამებთან, და ოთხ კომპანიას, რომლებმაც ხელი შეუწყეს აღნიშნულ უწყებებს.
ამასთან, სანქციები უწესდება სამ ფიზიკურ პირს, რომლებიც რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალებასთან არიან კავშირში.
პარალელურად, აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მიერ დაწესებულ სასანქციო სიაში 200 ფიზიკური და იურიდიული პირი ფიგურირებს, რომლებიც ხელს უწყობენ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს და ეხმარებიან მას დაწესებული სანქციებისთვის თავის არიდებაში.
მათ შორის 60-მდე პირია აზერბაიჯანიდან, ბელგიიდან, ჩინეთიდან, რუსეთიდან, სლოვაკეთიდან, თურქეთიდან და არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან. აღნიშნული პირები მოსკოვს საზღვარგარეთიდან მნიშვნელოვანი ტექნოლოგიებისა და აღჭურვილობების შეძენაში ეხმარებოდნენ, 100-ზე მეტი კომპანია კი ჩართულია რუსეთში ტექნოლოგიურ, თავდაცვით, საწარმოო და სატრანსპორტო სექტორებში.