უკრაინაში დააკავეს ოდესის მერი გენადი ტრუხანოვი. ქვეყნის სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის ცნობით, ტრუხანოვი ოდესის მანქანათმშენებელი ქარხნის, „კრაიანის“ საქმის ფარგლებში დააკავეს.
უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ 4 მაისს დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის, ოდესის მერის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველი ბრალდებულის მხრიდან სასამართლოს მიერ მანამდე დადგენილი გირაოს გადაუხდელობა გახდა, რომლის ოდენობა თითქმის 31 მილიონ გრივნას შეადგენდა.
ანტიკორუფციული პროკურატურა ოდესის მერს, გენადი ტრუხანოვს და მის მოადგილეს, პაველ ვუგელმანს ოდესის საქალაქო საბჭოს მიერ 2016 წელს კერძო სტრუქტურისგან ქარხანა „კრაიანის“ შენობის შეძენის გზით ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრების მითვისებას ედავება.