უკრაინაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებების გამო, ლიეტუვის პრეზიდენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
უკრაინაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებების გამო, ლიეტუვის პრეზიდენტმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

უკრაინაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებების გამო, ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ინგრიდ სიმონიატის თქმით, საგანგებო მდგომარეობა არ გულისხმობს მოქალაქეებისთვის განსაკუთრებული შეზღუდვების დაწესებას.

„ჩვენ სახელმწიფო ინსტიტუტებს უნდა შევუქმნათ პირობები, რომ დროულად მოახდინონ რეაგირება ინფრასტრუქტურის სფეროში, გამოიყენნონ სახელმწიფო სარეზერვო ფონდი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ასევე ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, ლაურინას პაშკივიჩიუსმა განაცხადა, რომ ბალტიის ქვეყნები და პოლონეთი ნატო-ს მეოთხე მუხლის ამოქმედებას მოითხოვენ, მოკავშირეთა ერთობლივი კონსულტაციების შესახებ.

„ეს კონსულტაციები ფოკუსირებული იქნება ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებაზე და ასევე განიხილება უკრაინის დახმარების ზომები. ჩვენ ლიეტუვაში კარგად ვიცით, რომ უკრაინა მხოლოდ უკრაინისთვის არ იბრძვის, არამედ მთელი რეგიონისთვის, ევროპისთვის და ყველასთვის. ჩვენი მოვალეობაა, არა მხოლოდ დავსაჯოთ რუსეთი მისი ქცევისთვის, არამედ დავეხმაროთ უკრაინას ყველა შესაძლებლობით“, – განაცხადა ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა.

ასევე ქვეყნის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა აცხადებს, რომ აუცილებელია სანქციების დაწესება არა მხოლოდ რუსეთისთვის, არამედ ბელარუსისთვისაც.

„ჩვენ ვუყურებთ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის კრიმინალურ ქმედებებს. ვერ ვიქნებით გულგრილები ამ არპროვოცირებული სამხედრო აგრესიის მიმართ, რომელიც მილიონობით უდანაშაულო სიცოცხლეს ემუქრება და ძირს უთხრის საერთაშორისო წესრიგს. უკვე დავიწყე აქტიური კონსულტაციები ნატო-ს და ევროკავშირის მოკავშირეებთან. ჩვენი ქმედებები უნდა მოიცავდეს უკრაინის აქტიურ მხარდაჭერას და რუსეთის წინააღმდეგ მძიმე სანქციების დაწესებას“, – განაცხადა ნაუსედამ.