უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის გენერალური პროკურატურა ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილზე ძებნის გამოცხადებას ითხოვს, – ამის შესახებ პროკურატურის წარმომადგენელმა ანდრეი ლისენკომ განაცხადა.
უკრაინის გენპროკურატურის სპიკერი ანდრეი ლისენკო სოციალურ ქსელში წერს, რომ უწყებამ პოლიციის უფროს სერგეი კნიაზევს გადასცა დადგენილება მიხეილ სააკაშვილის ძებნილად გამოცხადების შესახებ.
მისი თქმით, პროკურატურამ ეს გადაწყვეტილება იმის გამო მიიღო, რომ სააკაშვილი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს ტრანსპორტირების დროს გაექცა.
საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი კიევში დააკავეს, თუმცა მოგვიანებით, ის მხარდამჭერებმა გაათავისუფლეს.
კიევში, მიხეილ სააკაშვილის სახლთან სპეციალური დანიშნულების რაზმი ადგილობრივი დროით, დაახლოებით 09:00 საათიდან იყო მობილიზებული.
ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი სახლის სახურავზე ავიდა და გადმოხტომით იმუქრებოდა. მოგვიანებით, ის სამართალდამცველებმა სახურავიდან ჩამოიყვანეს და ბორკილებდადებული ავტომობილში ჩასვეს.
სააკაშვილის მომხრეებმა იმ ავტომობილს, რომელშიც დაკავებული მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა, მინები ჩაუმტვრიეს და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი გაათავისუფლეს.