უკრაინაში კორონავირუსით გარდაიცვალა ქალი, რომელიც ეკლესიაში სანთლებს ყიდდა
უკრაინის ხარკოვის ოლქის ერთ-ერთ სოფელში კორონავირუსით გარდაიცვალა ქალი, რომელიც ადგილობრივ ეკლესიაში სანთლებს ყიდდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის გუბერნატორის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გარდაცვლილი სოფელ ვისოკოპოლიეს მცხოვრები 71 წლის ქალია, რომელიც სანთლებს ამავე სოფლის ეკლესიაში ყიდდა. ეს ხარკოვის ოლქში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევაა.
„შესაძლოა, ძალიან ბევრი ადამიანი იყოს, რომლებსაც გარდაცვლილთან ჰქონდა კონტაქტი. ახლა ხელისუფლება ამ პირების დადგენას ცდილობს. მათ კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდებათ“,-განაცხადა ხარკოვის გუბერნატორმა ალექსეი კუჩერმა.
სოფელ ვისოკოპოლიეში პრევენციული ზომები გაძლიერდა. დასახლებული პუნქტის შესასვლელში პოლიცია მოქალაქეებს სიცხეს უზომავს.
უკრაინაში „კოვიდ 19“-ით 108 ადამიანია გარდაცვლილი. სულ დადასტურდა კორონავირუსის 3 764 შემთხვევა.