უკრაინაში ხუთი წლის ბავშვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პოლიციელები დააპატიმრეს
უკრაინაში ხუთი წლის ბავშვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ორივე პოლიციელი დააპატიმრეს.
ლეიტენანტ ივან პრიხოდკოს და უფროს სერჟანტ ვლადიმერ პეტროვეცს 60 დღიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს. ამასთან ორივე პოლიციელის ადვოკატი აცხადებს, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფებმა არ იციან, თუ რომელმა მათგანმა ესროლა ხუთი წლის კირილს, რომელიც გუშინ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
საქმე ეხება 31 მაისს მომხდარ ინციდენტს. როგორც გამოძიებამ დაადგინა, ორი პოლიციელი ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა და ლუდის ქილებს ესროდა. ერთ-ერთი ტყვია ეზოში მოთამაშე ხუთი წლის ბავშვს მოხვდა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ბავშვი მომხდარიდან სამ დღეში გარდაიცვალა.
თავდაპირველად უკრაინის პროკურატურამ საქმე გაუფრთხილებლობით მძიმე დაზიანებების მიყენების მუხლით აღძრა. თუმცა, შემდგომში ბრალდების კვალიფიკაცია განზრახ მკვლელობით შეცვალა.
მომხდარს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი და დამნაშავეების დასჯის პირობა დადო.
მომხდარის გამო კიევის ოლქის პოლიციის უფროსმა თანამდებობა დატოვა.