უკრაინაში IRI-ის გამოკითხვით, უკრაინის მხარდაჭერის მიხედვით, საქართველო პოლონეთთან, დიდ ბრიტანეთთან და აშშ-სთან ერთად, პირველ ოთხეულშია
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI)-ის უკრაინაში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, რუსეთის სამხედრო აგრესიის კონტექტსში უკრაინის მხარდაჭერის მიხედვით, საქართველო პოლონეთთან, დიდ ბრიტანეთთან და აშშ-სთან ერთად, პირველ ოთხეულშია.
კითხვაზე, თქვენი აზრით, რომელმა ქვეყნებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა გაუწიეს მხარდაჭერა უკრაინას რუსეთის სამხედრო აგრესიის კონტექსტში, გამოკითხულთა 67% მიიჩნევს, რომ პოლონეთმა, 56% აცხადებს, რომ დიდმა ბრიტანეთმა, 54% პროცენტი აშშ-ს ასახელებს, ხოლო 17% ფიქრობს, რომ საქართველომ. ამასთან, გამოკითხულთა 8% მიიჩნევს, რომ კანადამ, შვიდ-შვიდი პროცენტი ასახელებს რუმინეთსა და საფრანგეთს, ხოლო 4 პროცენტი ფიქრობს, რომ ლიეტუვამ.
IRI-ის კვლევა უკრაინის მასშტაბით, 30 მარტიდან 12 აპრილის დროის პერიოდში ჩატარდა (გარდა ოკუპორებული ტერიტორიებისა – ყირიმის, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებისა). საერთო ჯამში მასში მონაწილეობა მიიღო 20 001-მა 18 წლისა და 18 წელს გადაცილებულმა ადამიანმა. კვლევა ძირითად სატელეფონო იყო. კვლევის ცდომილება 2 პროცენტს შეადგენს.
IRI-ის გამოკითხვის შესახებ გუშინ „ინტერპრესნიუსთან“ უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატმა, იულია ოვჩინიკოვამ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, უკრაინა მადლიერია იმ მხარდაჭერის, რომელიც ცოტა ხნის წინ უკრაინაში ვიზიტით მყოფმა საქართველოს ხელისუფლების წევრებმა გამოხატეს.
„მინდა, გაგიზიაროთ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევა, რომელიც სავარაუდოდ, მალე გამოქვეყნდება. ის უკრაინის მოსახლეობას შორის ჩატარდა. კითხვა შემდეგნაირად იყო დასმული: თქვენი აზრით, რომელი ქვეყანა ან საერთაშორისო ორგანიზაცია დაეხმარა უკრაინას ყველაზე მეტად სამხედრო აგრესიის დროს? და იცით, რა არის ამ გამოკითხვის შედეგი ?! გამოკითხვის თანახმად, პირველი ადგილი დაიკავა პოლონეთმა, მეორე ადგილი – დიდმა ბრიტანეთმა, მესამე ადგილი – შეერთებულმა შტატებმა და მეოთხე ადგილი დაიკავა საქართველომ. ამ გამოკითხვამ აჩვენა უკრაინელი ხალხის რწმენა საქართველოსადმი“, – განაცხადა დეპუტატმა.