უკრაინაში „ღირსების რევოლუციის“ მე-8 წლისთავს აღნიშნავენ. დღეს დილიდან იკრიბებიან მოქალაქეები 2013-2014 წლის მოვლენების დროს დაღუპულთა მემორიალთან. მოქალაქეებს მიაქვთ ყვავილები და ქაღალდისგან ამოჭრილი ანგელოზები, რომლებსაც დაღუპულთა ხსოვნის აღსანიშნავად ხეებზე ამაგრებენ. დღესვე საღამოს კიევში დაგეგმილია მემორიალური მსვლელობის მოწყობა.
შეგახსენებთ, რვა წლის წინ, 18 თებერვალს მოქალაქეებმა მშვიდობიანი მსვლელობა გამართეს რადას შენობისკენ. საკანონმდებლო ორგანოსთან დაიწყო შეტაკებები პოლიციასთან. ამას მოჰყვა მაიდანზე შეკრებილთა შტურმი. 18 თებერვალს, არეულობის დროს დაიღუპა 23 ადამიანი, ხოლო 509 დაშავდა.
„ღირსების რევოლუციის“ შედეგად უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი და მისი მთავრობა გადააყენეს. ამ მოვლენებს მოჰყვა რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსია და ომი დონბასში.