ოთხი წლის წინ უკრაინაში „ევრომაიდანი“ დაიწყო. კიევში, თავისუფლების მოედანზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა. ისინი ყოფილი ხელისუფლების მიერ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის გადადებას აპროტესტებდნენ.
როგორც უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ვიკტორ იანუკოვიჩი ამტკიცებდა, შეთანხმების ხელმოწერაზე უკრაინამ უარი იმის გამო თქვა, რომ ევროპულ სტანდარტებზე გადასასველელად ქვეყანას 160 მილიარდი ევრო დასჭირდებოდა. მთავრობამ თანხის გადახდა ევროკავშირს მოსთხოვა. ალტერნატივად კი, იანუკოვიჩი უკრაინის რუსეთის მიერ დაფუძნებულ „ევრაზიულ საბაჟო კავშირში“ შესვლის ინიციატივით გამოვიდა.
21 ნოემბერს ექს-პრემიერ ნიკოლაი აზაროვი მინისტრთა კაბინეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ უკრაინა ვილნიუსის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტზე ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას ხელს არ მოაწერდა. ამას მოჰყვა სტიქიური საპროტესტო აქცია კიევის ცენტრში. საპასუხოდ, იანუკოვიჩის ხელისუფლებამ დემონსტრაციების გამართვა აკრძალა, თუმცა უკრაინაში მიტინგები დიდიხნის განმავლობაში არ შეწყვეტილა.
30 ნოემბერს ღამით, „ევრომაიდანი“ პირველად დაარბიეს. დაშავდა ათეულობით მომიტინგე. ძალა სპეცდანიშნულების რაზმ „ბერკუტის“ წევრებმა გამოიყენეს. ამას მოჰყვა პირველი „სახალხო შეკრება“ მაიდანზე, რომელსაც 500 ათასიდან 1 მილიონამდე ადამიანი დაესწრო. დემონსტრანტებმა დაიწყეს ბარიკადების მონტაჟი.
მომიტინგეები „ევრომაიდანზე“ თებერვლის ბოლომდე დარჩნენ. თებერვალში მოედანზე ტრაგედია დატრიალდა, როდესაც კიევის ცენტრში მყოფ მომიტინგეებს სნაიპერებმა ცეცხლი გაუხსნეს. ინციდენტის გამოძიება დღემდე არ დასრულებულა. „ევრომაიდანზე“ დაღუპულთა რიცხვმა საერთო ჯამში 100-ს გადააჭარბა.
უკრაინის ყოფილი ლიდერი ვიკრორ იანუკოვიჩი რუსეთში გაიქცა, ხოლო ხელისუფლება უმაღლესმა რადამ გადაიბარა.
25 მაისს გამართულ არჩევნებში უკრაინელებმა პრეზიდენტად პეტრო პოროშენკო აირჩიეს, რომელმაც 2014 წლის 27 ივნისს მოაწერა ხელი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას.
„ევრომაიდანს“ რუსეთმა ყირიმის ნახევარკუნძულის უკანონო ანექსიით უპასუხა. დონბასში კი სამხედრო მოქმედებები დაიწყო, რომელიც დღემდე გრძელდება.