გარიგებულ თამაშებში მონაწილე საფეხბურთო გუნდების და პირების გამოსავლენად უკრაინელმა სამართალდამცველებმა მასობრივი ჩხრეკა 10 ოლქის 40 ობიექტზე ჩაატარეს. გავრცელებული ცნობებით, აღმოჩენილია ხუთი დანაშაულებრივი ჯგუფი.
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა სპეცოპერაციის შესახებ საკუთარ ფეისბუქგვერდზე დაწერა.
„ხუთი დანაშაულებრივი ჯგუფი გამოვლინდა. მათ ორი წელი ვაკვირდებოდით და ვცდილობდით, დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ დოკუმენტური მტკიცებულება მოგვეპოვებინა. ეს ჯგუფები ახერხებდა და შეხვედრებს წინასწარ ფიქსირებული შედეგებით ასრულებდნენ. სასურველი შედეგის მისაღებად კი ყველა ხერხს მიმართავდნენ: მოთამაშეების, მსაჯების, პრეზიდენტების მოსყიდვას და დაშინებას. მოგებაზე თანხა 100 ათას გრივნას (დაახლოებით, 3900 დოლარი) შეადგენდა, ხოლო ფრეზე – 30 ათასს (1200 დოლარი). ამ ჯგუფებმა წინასწარ იცოდნენ რა მატჩების შედეგები, ფსონებს აზიური ქვეყნების ტოტალიზატორებში დებდნენ და შემოსავლებს იღებდნენ. ზოგიერთ აზიურ ქვეყანაში ტოტალიზატორების ანონიმურობა და უკონტროლობა მათ გასაქანს აძლევდა. ორგანიზატორები კი ამ „საფეხბურთო ბიზნესით“ წელიწადში 5 მილიონ დოლარით მდიდრდებოდნენ. დოკუმენტურადაა დადასტურებული, რომ გარიგებულ თამაშებში 320 პირი მონაწილეობდა“, – წერს ავაკოვი.
ინტერნეტგამოცემა FootballHub-ის ცნობით, გაჩხრიკეს ცნობილი საფეხბურთო პირების, ალექსანდრე სევიდოვის (“მარიუპოლის”, “მეტალისტისა” და “კარპატის” ყოფილი მწვრთნელი), “ნიკოლაევის” პრეზიდენტის რუსლან ზაბრანსკისა და ოთხი ცნობილი არბიტრის ბინები. ეჭვმიტანილთა შორისაა ცნობილი კლუბები – “ვოლინი“, “ზორია”, “ოლექსანდრია”, “პოლტავა“, “დესნა” “ოლიმპიკი“, “ვორსკლა“, “ობოლონი“.