უკრაინაში გამტაცებელმა მძევლად აყვანილი პოლიციის უფროსი გაათავისუფლა, თავად კი, ტყეში იმალება
უკრაინაში გამტაცებელმა, რომან სკრიპნიკმა მძევლად აყვანილი პოლიციის უფროსი გაათავისუფლა და რეშეტილოვსკის რაიონის ტყეში იმალება. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, გამტაცებელს პოლიცია ეძებს. უკრაინელი სამართალდამცველები მიმდებარე ავტომაგისტრალზე მოძრავ ავტომობილებს ამოწმებენ.
ხელყუმბარით შეიარაღებულმა მამაკაცმა პოლიციის უფროსი მძევლად უკრაინის ქალაქ პოლტავაში აიყვანა. გავრცელებული ინფორმაციით, თავდაპირველად მან აფეთქების მუქარით კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები აიყვანა მძევლად, თუმცა მოგვიანებით, მოლაპარაკების შედეგად, კრიმინალური გამოძიების რეგიონული განყოფილების უფროსმა, ვლადიმირ შიიანმა ოფიცრების გათავისუფლება შეძლო და მძევლად თავად ჩაბარდა. ისინი ავტომობილით პოლტავიდან გავიდნენ და კიევის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ.
პოლიციის ოფიცრების მძევლად აყვანამდე, კრიმინალური გამოძიების განყოფილების თანამშრომლები მამაკაცის დაკავებას ცდილობდნენ, რომელიც ავტომობილის უკანონო დაუფლებაშია ეჭვმიტანილი. დაკავების დროს თავდამსხმელმა „ერგედე-5“-ის ტიპის ხელყუმბარა ამოიღო და პოლიციელები მძევლად აიყვანა. უკრაინული მედია წერს, რომ თავდამსხმელს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის თავიდან აცილება და დამალვა სურდა.