უკრაინაში, დონბასის რეგიონში დაბომბვის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკრაინის დონბასის რეგიონში განხორციელებულ დაბომბვას ორი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთი კი დაშავდა. ყველაზე ცხელ წერტილად ბახმუტის რაიონი მიიჩნევა, სადაც რუსი სამხედროები და სეპარატისტული დაჯგუფებები იერიშებს ახორციელებენ და ცეცხლგამჩენ ჭურვებს იყენებენ. შედეგად ათამდე საცხოვრებელი სახლი დაიწვა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს ხარკოვის ცენტრალურ ნაწილზე და ექვსსართულიანი საცხოვრებელი სახლი გაანადგურეს. გავრცელებული ცნობით, ხარკოვში გასულ ღამეს სულ სამი ძლიერი აფეთქება მოხდა.
უკრაინული მედია წერს, რომ რუსეთის სარაკეტო იერიშების სამიზნე გახდა ნიკოლაევის და სუმის რეგიონები. გასული დღის განმავლობაში სამხრეთის მიმართულებით უკრაინელმა სამხედროებმა გაანადგურეს 38 რუსი ჯარისკაცი, ათი ერთეული სამხედრო ტექნიკა და საბრძოლო მასალის ორი საცავი.