უკრაინაში დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობენ. დღესასწაულთან დაკავშირებით მთელი ქვეყნის მასშტაბით სამი დღის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიება იგეგმება, თუმცა წელს ტრადიციული სამხედრო აღლუმი არ გაიმართება.
უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, დამოუკიდებლობის დღეს აღლუმის გამართვის ნაცვლად, სამხედრო მოსამსახურეებს პრემიებს დაურიგებენ. ვლადიმირ ზელენსკის განმარტებით, სამხედრო აღლუმი პომპეზური და ძვირიანი ღონისძიებაა, ამიტომ მის ორგანიზებაზე თანხის დახარჯვის ნაცვლად, ყველა უკრაინელი სამხედრო მოსამსახურის პრემიისთვის 300 მილიონ გრივნას გამოყოფს.
სამხედრო აღლუმის ნაცვლად კიევში უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების და ევრომეიდანზე დემონსტრაციების დროს დაღუპული აქტივისტების მემორიალური ღონისძიება გაიმართება. ცერემონია წუთიერი დუმილით დაიწყება, რასაც უკრაინელი გმირების დაჯილდოების ცერემონია მოჰყვება.
უკრაინაში დამოუკიდებლობის დღეს 24 აგვისტოს აღნიშნავენ. 2018 წლის ღონისძიებაში მონაწილეობა 4,5 ათასმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო. მაშინ დედაქალაქ კიევში 250 ერთეული მძიმე სამხედრო ტექნიკა გამოიყვანეს.