უკრაინაში, ჩერნიგოვოს ოლქში საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს საქართველო ათი დღის განმავლობაში უმასპინძლებს
უკრაინაში, ჩერნიგოვოს ოლქში საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს საქართველო ათი დღის განმავლობაში უმასპინძლებს

უკრაინაში საომარი მოქმედებების შედეგად დაზარალებული ოჯახები საქართველოში უკრაინის რადას საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელ ლუდმილა მარჩენკოსთან ერთად ჩამოვიდნენ. მათ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე დახვდა.

საქართველო იმ ოჯახებს მასპინძლობს, რომლებიც უკრაინაში რუსეთის საომარი მოქმედებების პირველ თვეებში ჩერნიგოვის ოლქში დაზარალდნენ.

მშობლებსა და ბავშვებს საქართველო ათი დღის განმავლობაში უმასპინძლებს. მათთვის დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობა.

არჩილ თალაკვაძემ უკრაინის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა და ქვეყანას მშვიდობა უსურვა.

„საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, უკრაინიდან ქვეყანაში ჩამოვიდნენ ის ოჯახები, რომლებიც ომის შედეგად პირველ თვეებში დაზარალდნენ ჩერნიგოვის ოლქში – ბავშვები, მათი მშობლები. ჩვენ მათ ათი დღის განმავლობაში ვუმასპინძლებთ. ისინი გაიცნობენ საქართველოს, შეხვდებიან თანატოლებს, ვუმასპინძლებთ პარლამენტში და რაც მთავარია, ვაჩვენებთ იმ სოლიდარობას, რომელიც ჩვენს ქვეყანას, საზოგადოებას აქვს უკრაინის მიმართ. მჯერა, რომ უკრაინაში კარგი, მშვიდობიანი დღეები მალე დაბრუნდება. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს და უკრაინაში ჩვენს საელჩოს, რომელიც ომის მთელი პერიოდის განმავლობაში რჩება კიევში, მუშაობს. ისინი ჩართული იყვნენ ამ ყველაფრის ორგანიზებაში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

უკრაინიდან ოჯახების ჩამოყვანას საქართველოს პარლამენტი და კულტურის სამინისტრო ერთობლივად ახორციელებს. ორგანიზებაში ასევე ჩართული იყო უკრაინაში საქართველოს საელჩო.