უკრაინაში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, უკრაინელების 44% მზადაა რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის, თუმცა მათი უმრავლესობისთვის რუსეთის მიერ წამოყენებული პირობები მიუღებელია
უკრაინაში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, უკრაინელების 44% მზადაა რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის, თუმცა მათი უმრავლესობისთვის რუსეთის მიერ წამოყენებული პირობები მიუღებელია

უკრაინული გამოცემის, „ზნ.უას“ დაკვეთით „რაზუმკოვის ცენტრის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, უკრაინელების 44% მზადაა რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების გასამართად, ხოლო 35% წინააღმდეგია. ეს გამოკითხვა ივნისის ბოლოს ჩატარდა.

გამოკითხვის შედეგების ანალიზისას უკრაინული გამოცემა აღნიშნავს, რომ შედგები უკრაინის რეგიონების მიხედვით განსხვავებულია. მაგალითად, ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყებას გამოკითხულთა 49% ეთანხმება, ხოლო დასავლეთ უკრაინაში – 35%. უკრაინის სამხრეთში რესპონდენტების 60%-ს მიაჩნია, რომ რუსეთთან მოლაპარაკებების დრო უკვე დადგა.

ამასთან, უკრაინელების დიდი ნაწილი არ ეთანხმება ცეცხლის შეწყვეტისთვის რუსეთის მიერ წამოყენებულ პირობებს. მაგალითად, გამოკითხულთა 83% გამორიცხავს შესაძლებლობას, რუსეთს გადაეცეს დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქები. 77%-ისთვის მიუღებელია რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სრულად გაუქმება, 58% უკრაინის ნეიტრალური და ბლოკგარეშე სტატუსის კონსტიტუციაში ჩაწერის წინააღმდეგია. უკრაინელების 51% მოითხოვს, რომ რუსეთის ჯარებმა უნდა დატოვონ უკრაინის ტერიტორია და უნდა აღდგეს 1991 წლის საზღვრები.

უკრაინელების მხოლოდ 26%-ია თანახმა, რომ ომი ისე შეწყდეს, რომ რუსეთის და უკრაინის ჯარები 2022 წლის დასაწყისში არსებულ პოზიციებზე დაბრუნდნენ. გამოკითხულთა მხოლოდ 9%-ია მზად, აღიაროს ის საზღვარი, რომელიც ფრონტის ხაზზე ხელშეკრულების გაფორმების მომენტში იარსებებს.

უკრაინელების 66%-ს მიაჩნია, რომ რუსეთის დამარცხება ბრძოლის ველზეა შესაძლებელი. 82%-ის აზრით, გამარჯვების მიღწევა შეიძლება, თუ დასავლეთი უკრაინას საკმარისი რაოდენობით შეიარაღებას გადასცემს, 76%-ს კი მიაჩნია, რომ გამარჯვებისთვის უკრაინამ უნდა განავითაროს საკუთარი სამხედრო წარმოება და მოაგვაროს მობილიზაციასთან დაკავშირებული პრობლემები.

ამასთან ერთად, უკრაინელების 46%-ს მიაჩნია, რომ სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდებაში არაფერი სამარცხვინო არ არის და მხოლოდ 29%-ს აქვს საწინააღმდეგო მოსაზრება.