უკრაინაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი 666 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 52 ბავშვი და 63 მედიკოსია
უკრაინაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 666 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 11 პაციენტი კი გარდაიცვალა. შესაბამის მონაცემებს უკრაინული მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა, მაქსიმ სტეპანოვმა ბრიფინგზე განაცხადა, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილი შემთხვევებიდან 52 ბავშვია, ხოლო 63 – მედიკოსი. ჰოსპიტალიზებულია 172 ინფიცირებული.
კორონავირუსის გავრცელებიდან უკრაინაში სულ დაინფიცირდა 32 476 ადამიანი, მათგან 2 402 ბავშვი და 5 600 მედიკოსი. სულ გამოჯანმრთელდა 14 528 ადამიანი, მათგან 275 ბოლო დღე-ღამეში. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 912-ს შეადგენს.