უკრაინაში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩის მარი იოვანოვიჩის განცხადებით, ის ძალიან შეშფოთებულია პრეზიდენტ ტრამპის მუქარის შემცველი განცხადებით, სადაც დონალდ ტრამპი უკრაინელ კოლეგა ვლადიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარში აღნიშნავს, რომ „ელჩს რაღაც ელოდება“.
საქმე ეხება ორი ქვეყნის პრეზიდენტებს შორის 25 ივლისს გამართულ სატელეფონო საუბარს.
მარი იოვანოვიჩის გამოკითხვა წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტში, დახურულ კარს მიღმა 11 ოქტომბერს შედგა. დაზვერვის კომიტეტმა დიპლომატი პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის მოკვლევასთან დაკავშირებით გამოკითხა, თუმცა შეხვედრის სტენოგრამა დემოკრატებმა მხოლოდ ახლა გაასაჯაროვეს.
დიპლომატი განმარტავს, რომ ის „შოკირებულია“ პრეზიდენტის განცხადებით და „არ იცის თუ რას გულისხმობს ის“ . „მე ძალიან შევშფოთდი. ახლაც შეშფოთებული ვარ“ .
მარი იოვანოვიჩი ასევე იხსენებს, ევროკავშირში აშშ-ის ელჩის გორდონ სონდლანდის მიერ მისთვის მიცემულ რჩევას, სოციალურ ქსელში შეექო პრეზიდენტი, წინააღმდეგ შემთხვევაში „სახლში წასვლა მოუწევდა“. თუმცა, როგორც ყოფილი ელჩი აღნიშნავს, მას ეს რჩევა არ გაუთვალისწინებია.
მარი იოვანოვიჩის განცხადებით, ტრამპის პირადმა ადვოკატმა, რუდი გიულიანიმ მისი დისკრედიტაცია 2018 წლის მიწურულიდან დაიწყო, როდესაც ადვოკატი უკრაინის საკითხზე ჩრდილოვან საგარეო პოლიტიკას მართავდა.
დიპლომატის განცხადებით, რობი გიულიანის სურდა, გამოეძიებინა ჯო ბაიდენისა და მისი ვაჟის საქმეები ისეთი ინფორმაციის მოპოვების მიზნით, რაც ზიანს მიაყენებდა ბაიდენის საპრეზიდენტო კამპანიას.
რობი გიულიანიმ ასევე მოუწოდა უკრაინის გენერალურ პროკურორ იური ლუცენკოს, ელჩის მისამართით სიყალბე გაევრცელებინა.
მარი იოვანოვიჩი იხსენებს, რომ ის უკრაინის იუსტიციის მინისტრმა გააფრთხილა, ყურადღებით ყოფილიყო. აღსანიშნავია, რომ დიპლომატმა ქვეყანა მაისში, დაგეგმილზე უფრო ადრე დატოვა.
იოვანოვიჩის თქმით, მისმა უფროსმა აპრილში დაურეკა და დაუყოვნებლივ აშშ-ში დაბრუნება მოსთხოვა. მიზეზად კი, მისივე კეთილდღეობა დაასახელა.
მარი იოვანოვიჩმა ასევე გაიხსენა, თუ როგორ ცდილობდა ბატონი გიულიანი, მოეპოვებინა აშშ-ის ტურისტული ვიზა, უკრაინის კიდევ ერთი ყოფილი გენერალური პროკურორის, ვიქტორ შოკინისთვის, რომელსაც ასეთი ტიპის ვიზის გაცემაზე სახელმწიფო დეპარტამენტმა „კორუფციული ქმედებების“ საფუძველზე უარი უთხრა.
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უკრაინელი კოლეგის ზეწოლის მცდელობაში ადანაშაულებენ, რომელსაც მისი დავალებით უნდა დაეწყო გამოძიება პოლიტიკური ოპონენტის ჯო ბაიდენისა და მისი ვაჟის ჰანტერ ბაიდენის წინააღმდეგ.