უკრაინაში არსებულ ჰუმანიტარულ კრიზისთან დაკავშირებით გაერო-ში დღეს სამ რეზოლუციას განიხილავენ
გაერო-ში დღეს უკრაინაში არსებულ ჰუმანიტარულ კრიზისთან დაკავშირებით სამ რეზოლუციას განიხილავენ.
ერთ-ერთი მათგანი რუსეთის მიერ ინიცირებული დოკუმენტია, რომელშიც ნახსენები არ არის უკრაინაში რუსეთის შეჭრა. აღნიშნული დოკუმენტი რუსეთმა კენჭისყრიდან გასულ კვირას მოხსნა, მიზეზად კი, აშშ-ის მიერ წევრ ქვეყნებზე განხორციელებული ზეწოლა დაასახელა, მხარი არ დაეჭირათ დოკუმენტისთვის. დღეს კი, მოსკოვმა აღნიშნული რეზოლუცია კენჭისყრისთვის დღის წესრიგში კვლავ დააბრუნა.
ამას გარდა, დღესვე განიხილება კიდევ ორი რეზოლუცია. დოკუმენტებში მოთხოვნილია უკრაინაში ჰუმანიტარულ დახმარებაზე წვდომა და სამოქალაქო პირების, სამედიცინო პერსონალისა და ჰუმანიტარული პერსონალის დაცვა. თუმცა, ამ ორი რეზოლუციიდან მხოლოდ ერთში, უკრაინისა და მისი მოკავშირეების მიერ წარმოდგენილში გაკრიტიკებულია რუსეთის როლი ამ კრიზისის შექმნაში.
მესამე რეზოლუცია სამხრეთ აფრიკის ინიციატივითაა და მასში რუსეთი ნახსენები არ არის.