უკრაინასა და საქართველოს შორის მიმოსვლა ID ბარათებით იქნება შესაძლებელი
უკრაინა და საქართველო სექტემბერში პირადობის დამადასტურებელი ბიომეტრიული მოწმობებით მიმოსვლის ამოქმედებას გეგმავენ, – ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული სააგენტო „უნიანი“ ავრცელებს.
შესაბამისი შეთანხმების გაფორმებას მხარეები ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის სესიაზე ორი ქვეყნის დელეგაციების ვიზიტისას აპირებენ.
როგორც საქართველოში უკრაინის ელჩმა იგორ დოლგოვმა ჟურნალისტებს კიევში განუცხადა, უკრაინულმა მხარემ უკვე დაამტკიცა და ქართველ კოლეგებს გადასცა დოკუმენტები ბიომეტრიული შიდა პასპორტებით (ID ბარათებით) მიმოსვლის შესახებ შეთანხმების გასაფორმებლად.
„ჩვენ დაგვიდასტურეს, რომ შიდა პასპორტებით მოქალაქეების მგზავრობის შესახებ შეთანხმების ტექსტი უკვე შეთანხმებულია უკრაინის შესაბამისი უწყებების მიერ. ეს ტექსტი უკვე ოფიციალურად გადაეგზავნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. ახლა მთავრობამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ხელმოწერის შესახებ და განსაზღვრულ პირს ამ შეთანხმების ხელმოწერის უფლებამოსილება დააკისროს“, – განაცხადა დოლგოვმა.