უკრაინამ თურქეთში, ანტალიის პროვინციაში ხანძრის წინააღმდეგ საბრძოლველად ორი სახანძრო თვითმფრინავი გაგზავნა
უკრაინამ თურქეთში, ანტალიის პროვინციაში ხანძრის წინააღმდეგ საბრძოლველად ორი სახანძრო თვითმფრინავი გაგზავნა.
როგორც უკრაინული მედია წერს, ამის შესახებ უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურში განაცხადეს.
„უკრაინა Ан-32П-ის ტიპის სახანძრო თვითმფრინავების ორ ეკიპაჟს აგზავნის. ისინი არიან გამოცდილი სპეციალისტები, რომლებსაც უკვე აქვთ მთიან რაიონებში მუშაობის გამოცდილება და წარსულში მასშტაბური ხანძრების ლიკვიდაციაში ჩართულები იყვნენ მონტენეგროში, ისრაელსა და საქართველოში“, – აცხადებენ უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სახელმწიფო სამსახურში.
თურქეთში ხანძრის ჩაქრობაში დასახმარებლად ჯგუფებს აგზავნის აზერბაიჯანიც. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ ჰიკმეთ გაჯიევმა განაცხადა.
ანტალიასა და მიმდებარე პროვინციებში ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში ჩართულია ოთხი ათასზე მეტი ადამიანი, ტექნიკის 450-ზე მეტი ერთეული და 35 თვითმფრინავი და ვერტმფრენი. თურქეთში ხმელთაშუაზღვისპირეთში ხანძრის ათობით კერაა. ცეცხლი საფრთხეს უქმნის საკურორტო ზონებს. ხანძარს ემსხვერპლა ოთხი ადამიანი. ევაკუირებულია სულ მცირე 18 სოფელი.