უკრაინამ რუსეთში ყველა ტურნირს ბოიკოტი გამოუცხადა
უკრაინამ რუსეთში ყველა ტურნირს ბოიკოტი გამოუცხადა

უკრაინის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ვლადიმირ ბრინზაკმა განაცხადა, რომ უკრაინა ბოიკოტს გამოუცხადებს ყველა ტურნირს, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე გაიმართება.

„მე შევხვდი პოლიტიკოსებს. ხანგრძლივი საუბარი გვქონდა. საბოლოოდ, გადავწყვიტეთ, დროებით უარი ვთქვათ ტურნირებზე, რომლებიც რუსეთში იმართება. ეს იმას ნიშნავს, რომ ბოიკოტი ეხება არა მხოლოდ ბიატლონის ეტაპს ტიუმენში.

გვინდა, რომ ყველაფერი შეიცვალოს, რომ ისევ ჩავიდეთ რუსეთში და პატიოსან ბრძოლაში მოვიპოვოთ მედლები. გვინდა, რომ გაუმჯობესდეს საერთო პოლიტიკური სიტუაცია, არ იყოს დაძაბული ატმოსფერო. იმედია, ყველაფერი აღდგება”, – განაცხადა ბრინზაკმა.

ეს ბოიკოტი დაიწყო ბიატლონში მსოფლიოს თასის ეტაპიდან, რომელიც 22-25 მარტს, რუსეთის ქალაქ ტიუმენში გაიმართება. ამ ეტაპს ასევე ბოიკოტს უცხადებენ აშშ-ი და ჩეხეთი, აგრეთვე, შვედი ოლიმპიური ჩემპიონი სამუელსონი.