უკრაინამ ქვეყანაში რუსეთის მოქალაქე მამაკაცების შეშვება აკრძალა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ მიკრობლოგ Twitter-ის პირად გვერდზე დაწერა.
ქვეყანაში მოქმედი საომარი მდგომარეობის ფარგლებში შემოღებული აკრძალვა 16-დან 60 წლამდე მამაკაცებს შეეხებათ.
უკრაინის სასაზღვრო სამსახური გამონაკლისს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუშვებს, თუ კონკრეტულ პირს უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა „ჰუმანიტარული მიზნით“ ენდომება.
უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს განმარტებით, აკრძალვის მიზანი, რუსეთის მხრიდან არსებული საფრთხეა.
„უკრაინის გადაწყვეტილების მიზანია, რომ რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე „კერძო“ არმიის ფორმირება არ მოახდინოს, რომლებიც სინამდვილეში რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები არიან. ჩვენ რუსეთს არ უნდა მივცეთ უკრაინაში იმ ოპერაციის განხორციელების საშუალება, რომელსაც ისინი ჯერ კიდევ 2014 წელს გეგმავდნენ”, – განაცხადა პეტრო პოროშენკომ მიკრობლოგ Twitter-ის პირად გვერდზე.
შეგახსენებთ, 25 ნოემბერს რუსულმა ხომალდებმა უკრაინის კატარღებს ოდესის პორტიდან მარიუპოლის პორტში გადაადგილების დროს ცეცხლი გაუხსნეს. ინციდენტის შედეგად, დაშავდა რამდენიმე უკრაინელი მეზღვაური. რუსეთმა სამი უკრაინული ხომალდი და 24 უკრაინელი მეზღვაური დააკავა. ანექსირებული ყირიმის ქალაქ სიმფეროპოლის ე.წ. სასამართლომ დაკავებულებს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
რუსეთის ხელისუფლება მათ სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში ადანაშაულებს, რაც ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ქერჩის სრუტესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით უკრაინაში 30 დღიანი საომარი მდგომარეობა არის გამოცხადებული.