უკრაინამ „F-16“-ის ტიპის ათი თვითმფრინავი უკვე მიიღო, 2024 წლის ბოლომდე კი კიევს კიდევ 20 ასეთი თვითმფრინავი უნდა მიეწოდოს
უკრაინამ „F-16“-ის ტიპის 79 თვითმფრინავიდან ათი უკვე მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით, 2024 წლის ბოლომდე უკრაინას კიდევ 20 ასეთი თვითმფრინავი უნდა მიეწოდოს. გამოცემა „ეკონომისტის“ ცნობით, დანარჩენი თვითმფრინავები, რომელთა გადაცემასაც უკრაინას ე.წ. „გამანადგურებელთა კოალიცია“ დაჰპირდა, ქვეყანაში 2025 წლის განმავლობაში ჩავა.
„F-16“-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების მიღებას ადასტურებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც, რომელმაც განაცხადა, რომ თვითმფრინავების მიღება ნიშნავს „ახალ თავს“ ქვეყნის საჰაერო ძალებისთვის.
„გავმართეთ ასობით შეხვედრა და მოლაპარაკება ჩვენი ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად. ხშირად გვესმოდა პასუხი, რომ ეს შეუძლებელი იყო. ახლა ეს რეალობაა, „F-16“-ები უკრაინაშია. მე ვამაყობ ჩვენი ყველა ჯარისკაცით, რომლებიც ეუფლებიან ამ თვითმფრინავებს და უკვე დაიწყეს მათი გამოყენება ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ საჰაერო ბაზის მონახულებისას.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა იმ ქვეყნებს, რომელთაც დააკმაყოფილეს კიევის მოთხოვნა თვითმფრინავების გადაცემასთან დაკავშირებით და დასძინა, რომ თვითმფრინავების და გაწვრთნილი მფრინავების რაოდენობა, რაც ახლა უკრაინას გააჩნია, საკმარისი არ არის.