უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საგარეო უწყებას, ანექსირებულ ყირიმში ვლადიმერ პუტინის ვიზიტის გამო, საპროტესტო ნოტა გაუგზავნა.
რუსეთის პრეზიდენტი ნახევარკუნძულზე იმპერატორ ალექსანდრე მესამის ძეგლის გასახსნელად იმყოფებოდა.
უკრაინის ხელისუფლება ვლადიმერ პუტინისა და სხვა რუსი მაღალჩინოსნების ე.წ. ვიზიტებს ოკუპირებულ ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ქალაქ სევასტოპოლში უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფო სუვერენიტეტის უხეშ დარღვევად აფასებს.
როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, ეს არის საერთაშორისო სამართლის ნორმების ცინიკური და დემონსტრაციული უგულებელყოფა. უწყებაში აღნიშნავენ, რომ ყირიმის ანექსიას გმობენ ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორებიც არიან გაერო, ეუთო და ევროსაბჭო.
ვლადიმერ პუტინი იალტაში 18 ნოემბერს იმყოფებოდა, სადაც იმპერატორ ალექსანდრე მესამის ძეგლის გახსნას დაესწრო. ცერემონიაზე გადაღებული ფოტოების გავრცელების შემდეგ, ინტერნეტში ძეგლთან დაკავშირებული კრიტიკული შენიშვნები გავრცელდა.
კერძოდ, ინტერნეტ მომხმარებელთა ნაწილმა მოქანდაკე ანდრეი კოვალჩუკის მიერ დაშვებულ ისტორიულ შეცდომებზე გაამახვილა ყურადღება.