უკრაინა თურქეთიდან „ბაირაქტარის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების ახალ პარტიას შეისყიდის
უკრაინის თავდაცვის სამინისტრო შეიარაღებული ძალების საჭიროებებისთვის მომდევნო წელს თურქეთიდან „ბაირაქტარის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების ახალ პარტიას შეისყიდის.
აღნიშნულის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა განაცხადა.
„ჩვენმა თურქმა პარტნიორებმა საჯაროდ განაცხადეს, რომ „ბაირაქტარების“ აღჭურვისთვის უკრაინულ ძრავებს იღებენ. ამ უპილოტოების დამატებითი პარტიის შეძენას მომდევნო წელს ვგეგმავთ, მაგრამ ეს იქნება უკრაინული „ბაირაქტარები“. ანუ დამზადებული იქნება თურქეთში, მაგრამ იქნება უკრაინული, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამსახურში“, – აღნიშნა რეზნიკოვმა.
უწყების ხელმძღვანელის თქმით, ეს უპილოტო საფრენი აპარატები გამოყენებული იქნება ქვეყნის დამოუკიდებლობის დასაცავად, მათ შორის გაერო-ს წესდების 51-ე მუხლის შესაბამისად.