უკრაინის მთავრობა რუსეთთან მეგობრობის შესახებ შეთანხმებას წყვეტს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა. მისი თქმით, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეთანხმების გაწყვეტისთვის მომზადება დაავალა.
„დღეს საკმაოდ მომზადებული და იურიდიულად დაცული ვართ შემდეგი ნაბიჯისთვის – უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და პარტნიორობის შესახებ შეთანხმების მოქმედების შესაწყვეტად. ეს შეთანხმება მოსკოვის ქმედებების გამო დიდი ხანია, ანაქრონიზმად იქცა.
თითო ძაფით, ჩვენ ვაგრძელებთ იმ ქსელის გაწყვეტას, რომელშიც რუსული ცარიზმი, შემდეგ კი წითელი ბოლშევიზმი დიდი ხნის განმავლობაში მეთოდურად ახვევდა თავისუფლების მოყვარულ უკრაინულ სულს“, – განაცხადა პოროშენკომ.
უკრაინამ და რუსეთმა მეგობრობის, თანამშრომლობისა და პარტნიორების შესახებ შეთანხმებას 1997 წლის 31 მაისს მოაწერეს ხელი. დოკუმენტი ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ პარტნიორობასა და ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას ითვალისწინებს.