უკრაინა გაერო-ს უშიშროების საბჭოში რუსეთისთვის მუდმივი წევრობის შეწყვეტას ითხოვს
უკრაინა გაერო-ს უშიშროების საბჭოში რუსეთისთვის მუდმივი წევრობის შეწყვეტას ითხოვს. ამის შესახებ გაერო-ში უკრაინის ელჩმა, სერგეი კისლიცამ უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც განიხილებოდა უკრაინაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულებები, მათ შორის სექსუალური ძალადობის შემთხვევები.
„სხვა გამოსავალი არ არის, საბჭოს მუდმივი წევრის ადგილზე რუსეთის ყოფნის პრობლემის გადაწყვეტის გარდა. რაც მალე მოხდება ეს, მით უკეთესი, რადგან აგრესორი და დამრღვევი მთელი კონსტრუქციის სტაბილურობას უქმნის საფრთხეს. ჩვენ გვჭირდება სანდო საბჭო. გვჭირდება ეფექტიანი გადაწყვეტილებები“, – განაცხადა კისლიცამ.
უკრაინის ელჩმა ასევე ისაუბრა რუსი სამხედროების მიერ ჩადენილ სექსუალურ დანაშაულებებზე და განაცხადა, რომ ძალადობის მსხვერპლთა შორის არიან არასრულწლოვნებიც. ამასთან, მისი თქმით, უკრაინის მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე ძალადობის შემთხვევების აღრიცხვა ვერ ხერხდება.
როგორც სხდომაზე გაერო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა მოადგილემ კონფლიქტების დროს სექსუალური ძალადობის საკითხებში, პრამილა პატენმა განაცხადა, 3 ივნისის მდგომარეობით, გაერო-ს მიერ აღრიცხულია უკრაინაში კონფლიქტთან დაკავშირებით სექსუალური ძალადობის 124 სავარაუდო შემთხვევა, რომელთაგან 59 ბავშვებს ეხება.
„3 ივნისის მდგომარეობით, გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მონიტორინგის ჯგუფმა მიიღო ცნობები კონფლიქტთან დაკავშირებული სექსუალური ძალადობის 124 სავარაუდო შემთხვევის შესახებ, რომლებიც ჩადენილია ქალების, გოგონების, კაცების და ბიჭების წინააღმდეგ ჩერნიგოვის, დნიპროპეტროვსკის, დონეცკის, ხარკოვის, ხერსონის, კიევშის, ლუგანსკის, მიკოელაევის, ვინიცის, ზაპოროჟიეს, ზაკარპატიის და ჟიტომირის ოლქებში. 124 ბრალდებიდან 56 ქალებს ეხებამ, 59 კი ბავშვებს“, – განაცხადა გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა.
თავის მხრივ, გაერო-ში რუსეთის ელჩმა ვასილი ნებენზიამ რუსი სამხედროების წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებები უარო.
„ჩვენ ყველას გვახსოვს, როგორ ადანაშაულებდნენ ჩვენს სამხედროებს უკრაინულ და დასავლურ მედიაში, ასევე ამ დარბაზში სექსუალურ ძალადობაში გარკვეულ ცნობებზე დაყრდნობით, რომლებიც თითქოსდა სანდო მონაცემებს ეყრდნობოდნენ. თუმცა, არანაირი მტკიცებულება არ წარდგენილა. ისევე როგორც დღეს, ჩვენ არ მოგვისმენია არც ერთი მაგალითი“, – განაცხადა რუსეთის ელჩმა.