უკრაინა გაერო-ს რუსეთის მიერ ტერორიზმის დაფინანსების მტკიცებულებებს წარუდგენს
უკრაინა 12 ივნისს გაერო-ს საერთაშორისო სასამართლოს რუსეთის მიერ ტერორიზმის დაფინანსების მტკიცებულებებს წარუდგენს.
როგორც სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლანა ზერკალმა განაცხადა, უკრაინა სასამართლოში შეიტანს რუსეთის მიერ ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო კონვენციის დარღვევის შესახებ მემორანდუმს.
„რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების 53-ე საზენიტო-სარაკეტო ბრიგადის მიერ „ბუკის“ ტრანსპორტირება, რომლითაც ჩამოაგდეს თვითმფრინავი МН17, არის პირდაპირ მტკიცებულება რუსეთის მიერ იმ იარაღით მომარაგების, რომელიც სამოქალაქო თვითმფრინავის ჩამოსაგდებად გამოიყენეს“, – აღნიშნა ზერკალმა.
უკრაინელი დიპლომატის განცხადებით, რუსეთი თავის ქმედებებით არღვევს 1971 წლის მონრეალის კონვენციას და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო კონვენციას.
„სწორედ ამას დავამტკიცებთ და დავადასტურებთ ჩვენს მემორანდუმში, რომელსაც გაერო-ს საერთაშორისო სასამართლოში 12 ივნისს წარვადგენთ“, -წერს ზერკალი სოციალურ ქსელში.
საერთაშორისო ექსპერტებმა დღეს რეის MH17-ის ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართეს, რა დროსაც განაცხადეს, რომ მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი თვითმფრინავი რუსულმა შეიარაღებულმა ძალებმა ჩამოაგდეს.
კუალა-ლუმპურიდან ამსტერდამში მიმავალ ავიალაინერი რეისით MH17, რომლის ბორტზეც 298 ადამიანი იმყოფებოდა, 2014 წლის 17 ივლისს „ბუკის” ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსიდან ნასროლი რაკეტით ჩამოაგდეს. თვითმფრინავი პერვომაისკოეს დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამოვარდა, რომელსაც პრორუსული სეპარატისტული ძალები აკონტროლებდნენ.