უკრაინა ევროკავშირს პოლონეთთან საზღვარზე მონიტორინგის ჯგუფის გაგზავნას სთავაზობს, სადაც პოლონელი გადამზიდავები გადასასვლელ პუნქტებს ბლოკავენ
უკრაინა ევროკავშირს პოლონეთთან საზღვარზე მონიტორინგის ჯგუფის გაგზავნას სთავაზობს, სადაც პოლონელი გადამზიდავები გადასასვლელ პუნქტებს ბლოკავენ

უკრაინა ევროკავშირს სთავაზობს მონიტორინგის ჯგუფის გაგზავნას პოლონეთთან საზღვარზე, სადაც პოლონელი გადამზიდავები, ორ კვირაზე მეტია, საზღვარზე გადასასვლელ პუნქტებს ბლოკავენ.

აღნიშნულის შესახებ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე სერგეი დერკაჩი სოციალურ ქსელში წერს.

დერკაჩის თქმით, უკრაინა სთავაზობს ევროკავშირის დამკვირვებლებს, აღწერონ ვითარება, რაც ხდება საზღვარზე:

„გაშვებულია თუ არა სახიფათო ტვირთი, როგორ კვეთს ჰუმანიტარული დახმარება საზღვარს და, რაც მთავარია, რა პირობებში იმყოფებოდნენ ჩვენი მძღოლები ორ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში. ასეთი წინადადებით ოფიციალური წერილი გაიგზავნა, ველოდებით პასუხს. ჩვენ შევთავაზეთ რამდენიმე კომპრომისი, პოლონეთის მთავრობამ და ევროკომისიამ ეს იციან, მაგრამ რაღაცაზე შეთანხმება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც არის მოლაპარაკების სურვილი და არა მხოლოდ საზღვრის გადაკეტვის სურვილი“, – წერს დერკაჩი.

პოლონელმა გადამზიდავებმა, რომლებიც 6 ნოემბრიდან უკრაინის საზღვარზე სატვირთო მანქანებისთვის სამ სასაზღვრო პუნქტს ბლოკავდნენ, ხუთშაბათს დაიწყეს კიდევ ერთი გამშვები პუნქტის, მედიკა-შეგინის ბლოკირება. მათი ბლოკადა, შესაძლოა, 3 იანვრამდე გაგრძელდეს.