უხვი ნალექის შედეგად, ახმეტის სოფელ ომალოში კესელოს ციხის გალავნის ნაწილი ჩამოინგრა
უხვი ნალექის შედეგად, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ომალოში მე-18 საუკუნის კესელოს ციხის გალავნის ნაწილი ჩამოინგრა.
როგორც კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოშვილი აცხადებს, უხვმა ნალექმა ასევე პრობლემები შეუქმნა ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 56-ე და 57 კმ-ს. მისი ინფორმაციით, გზებზე ჩამოშლილია ქვა-ღორღი. შიოშვილის განცხადებით, ზოგიერთ ადგილზე მეწყრული პროცესები განვითარდა.
ამასთან, მისივე თქმით, გაწმენდით სამუშაოებს მას შემდეგ დაიწყებს გზის მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელი კომპანია, როდესაც მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ სპეციალისტების დასკვნა გახდება ცნობილი.
„ველოდებით, სპეციალისტებმა შეაფასონ მოცემულ მონაკვეთზე არსებული ვითარება. ასევე ვარკვევთ, რამდენი ტურისტი იმყოფება თუშეთში. მათ ჩამოყვანას ბარში ტრანსპორტით ჩვენ ვუზრუნველვყოფთ. თუ საჭიროა, ჩაერთვება ვერტმფრენიც“, – განაცხადა ირაკლი შიოშვილმა.