ეუთო-ს გენერალური მდივანი, ამერიკის ელჩი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებს შეხვდნენ
ეუთო-ს გენერალური მდივანი, ამერიკის ელჩი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებს შეხვდნენ.
გახელაძის ოჯახმა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებისგან მიიღო ინფორმაცია, თუ რა ღონისძიებები ხორციელდება იმისთვის, რომ უკანონო პატიმრობაში მყოფი გახელაძე ოჯახს მალე დაუბრუნდეს.
შერიგებისა სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანის განცხადებით, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ზაზა გახელაძის საკითხი კიდევ ერთხელ დადგება.
„გავესაუბრეთ ოჯახს, მივაწოდეთ მათ დეტალური ინფორმაცია თითოეული ჩვენგანის მხრიდან, განსაკუთრებით სასელმწიფოს მხრიდან საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, თუ რა ღონისძიებები ტარდება, რა პროცესი მინდინარეობს. ხვალ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, აუცილებლად მწვავედ დადგება ზაზა გახელაძის გათავისუფლების საკითხი. საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალური, კონსოლიდირებული ძალისხმევით იყენებს ყველა მის ხელთ არსებულ ბერკეტს, რათა მოგვარდეს აღნიშნული საკითხი. ამ პროცესის განმავლობაში არის კონკრეტული ეტაპები, რომელთა დროს ჩვენ ვიყენებთ ადეკვატურ, იმ ეტაპისთვის არსებულ შესაძლებლობებს“, – განაცხადა ახვლედიანმა.
როგორც შეხვედრის შემდეგ ზაზა გახელაძის მეუღლემ განაცხადა, ოჯახის ერთადერთი მოთხოვნა ზაზა გახელაძის გათავისუფლებაა.
„ერთადერთი მოთხოვნა გვაქვს დღემდე, ეს არის ზაზას გათავისუფლება. სხვა არანაირი მოთხოვნა ჩვენ არ აქვს. შეგვპირდნენ, რომ მუშაობენ და კიდევ გააგრძელებენ მუშაობას, ვიდრე შედეგს არ დადებენ. კონკრეტულ ვადებზე საუბარი არ ყოფილა, რა ქმედით ნაბიჯებს გადადგამენ, ამაზე არ უსაუბრიათ“, – განაცხადა ირმა ბუთხუზმა.