საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე სამი პირი დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, სამეწარმეო საქმიანობისთვის დადგენილი შესაბამისი გადასახადებისა და მოსაკრებლისთვის თავის არიდების მიზნით, საქართველოს ეროვნულ ბანკში ვალუტის გადამცვლელი პუნქტის სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე, ქ. ზუგდიდში, ქ. ფოთსა და ქ. სენაკში ახორციელებდნენ ეროვნული და უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებს“, – ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.
მათივე თქმით, გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულ იქნა დიდი ოდენობით თანხა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ერთიდან სამ წლამდე ვადით.