უკანონო მიგრაციასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებებს პარლამენტი სავარაუდოდ, საგაზაფხულო სესიის ბოლომდე მიიღებს
პარლამენტი უკანონო მიგრაციასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებებს სავარაუდოდ, საგაზაფხულო სესიის ბოლომდე მიიღებს.
„სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებები 12 დეპუტატმა მოამზადა, რომლის ინიცირება ბიუროს გუშინდელ სხდომაზე მოხდა.
ცვლილებების მიხედვით, პირის მიერ ფინანსური ან სხვა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენისთვის შესაბამისი პირობების შექმნა-ორგანიზება, უცხო ქვეყანაში თავშესაფრის მისაღებად საქართველოს მოქალაქისთვის უფლებების, ან თავისუფლებების დარღვევის შესახებ მცდარი ინფორმაციის წარდგენის ხელის შეწყობა-ორგანიზება, ორიდან ოთხ წლამდე ვადით დაისჯება თავისუფლების აღკვეთით დაისჯება. იმ შემთხვევაში, თუ იგივე ქმედება ჩადენილი იქნება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, ორი ან მეტი პირის მიმართ, ასევე ყალბი დოკუმენტის გამოყენებით, სასჯელი სამიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთაა.
კანონპროექტით კონკრეტდება, რომ თუ აღნიშნული ქმედება ჩადენილია ორგანიზებული ჯგუფის მიერ, ეს დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
ამასთან, ინიციატივით განსაზღვრულია, რომ ზემოთ აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის იურიდიული პირი საქმიანობის უფლების ჩამორთმევით, ლიკვიდაციით, ან ჯარიმით დაისჯება. კერძოდ, იურიდიული პირები მინიმუმ 100 000 ლარით დაჯარიმდებიან, რომელთა მიმართაც კანონის მოქმედება გავრცელდება.
ცვლილებების ავტორები განმარტავენ, რომ კანონპროექტი მიზნად ისახავს, არალეგალური მიგრაციის, მათ შორის, უცხო ქვეყანაში თავშესაფრის უფლების არაკეთილსინდისიერად გამოყენების ხელშეწყობის-ორგანიზატორის სისხლის სამართლის წესით დასჯადობის შემოღებასა და აღნიშნულით უვიზო რეჟიმის ბოროტად გამოყენების მაჩვენებლის შემცირებას.
„2017 წელთან შედარებით, 2018 წელს, საქართველოს მოქალაქეთა მიერ თავშესაფრის მოთხოვნის რაოდენობა 72 პროცენტით გაიზარდა. 2018 წელს, ევროკავშირსა და შენგენის ზონის ქვეყნებში, თავშესაფრის მოთხოვნაზე საქართველოს მოქალაქეების 20 000 განაცხადი დაფიქსირდა, მათგან ¾ ხუთ ქვეყანაში. 2018 წლის მანძილზე, საქართველოს მოქალაქეების განაცხადების მხოლოდ 3 პროცენტი დააკმაყოფილეს, რაც ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია თავშესაფრის მაძიებელი ქვეყნების პირველ ათეულში“, – აღნიშნულია განმარტებით ბარათში.