რუმინელი ჩოგბურთელი სიმონა ჰალეპი დარჩება WTA-ის რეიტინგის ლიდერად “დიდი სლემის” რიგით მესამე ტურნირის – უიმბლდონის დასრულების შემდეგ.
მსოფლიოს მეორე ჩოგანის, დანიელი კაროლინ ვოზნიაცკის ნაადრევმა გამოვარდნამ გააქრო ინტრიგა ქალთა კლასიფიკაციის პირველი საფეხურისთვის ბრძოლაში. დიდი ალბათობით, რეიტინგის ლიდერი “დიდი სლემის” მომდევნო ტურნირამდე არ შეიცვლება.
სიმონა ჰალეპი უკვე 36 კვირაა პირველ ადგილზეა WTA-ის კლასიფიკაციაში და უიმბლდონზე ნაჩვენები ნებისმიერი შედეგის მიუხედავად შეინარჩუნებს უმაღლეს საფეხურს.
ჰალეპმა უკვე გადალახა მიმდინარე უიმბლდონზე ორი წრე. გუშინ, მან ორ სეტში დაამარცხა მსოფლიოს 126-ე ჩოგანი, ჩინელი სასაი ჟანგი.
აღსანიშნავია, რომ აზიელი პირველ პარტიაში 5:4-ზე სეტზე აწვდიდა, მაგრამ ამ რთული მომენტიდან მოყოლებული, ჰალეპმა ზედიზედ 9 გეიმი მოიგო და 7:5, 6:0 გაიმარჯვა.