საქართველო უნდა დაელოდოს ნატო-ში გაწევრიანებას, – ამის შესახებ საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ყოფილმა ხელმძღვანელმა, უილიამ ლაჰიუმ დისკუსიაზე „ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა და გამოწვევები: ფიქრი და განსჯა“ განაცხადა.
უილიამ ლაჰიუს თქმით, საქართველო მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს, რათა გახდეს ნატო-ს წევრი.
ამასთან, ლაჰიუ ამბობს, რომ საქართველო ნატო-სთვის მნიშვნელოვან პარტნიორად რჩება. ეს განცხადებები მან დისკუსიაზე გააკეთა, რომელზეც საქართველოს პერსპექტივებზე მსჯელობენ.
დისკუსიის ორგანიზატორის – ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეის“ ხელმძღვანელის, ვიქტორ ყიფიანის თქმით, ღონისძიების მიზანია ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების შესახებ მსჯელობა, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების სხვადასხვა გზის ანალიზი და ატლანტიკური თანამეგობრობის ფარგლებში ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცების სხვა ოპტიმალურ ვარიანტებზე შეფასების მოსმენა.