უფროსი მასწავლებლის სტატუსის პედაგოგებს გარე დამკვირვებლები შეაფასებენ
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი გარე დაკვირვების კომპონენტის პილოტირებას იწყებს, – ამის შესახებ ინფორმაციას „მასწავლებლის სახლი“ ავრცელებს. სკოლებში აქამდე, მხოლოდ შიდა დაკვირვების მექანიზმი არსებობდა, რაც იმას გულისხმობს, რომ პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსის მქონე პედაგოგებს, რომელთაც უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოპოვება სურთ, საგაკვეთილო პროცესზე თავისივე სკოლის შიდა შეფასების ჯგუფის წევრები აკვირდებიან.
„მასწავლებლის სახლის“ ინფორმაციით, გარე დაკვირვების კომპონენტი უფროსი მასწავლებლებისთვის ამოქმედდება, რომელთაც წამყვანი მასწავლებლის სტატუსი მიღება სურთ. ეს გულისხმობს, რომ წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მქონე პედაგოგებს გარე დამკვირვებლები შეაფასებენ.
გარე დაკვირვების ჯგუფი ორი წევრისგან შედგება. ერთ წევრს „მასწავლებლის სახლი“ შეარჩევს – ის იქნება იმ საგნის სპეციალისტი, რომლის მასწავლებელსაც დააკვირდება. გავლილი ექნება გარე დაკვირვების სპეციალური გადამზადება და ექნება სკოლაში მუშაობის გამოცდილება და პრაქტიკა.
მეორე წევრი იქნება სხვა სკოლის ფასილიტატირი უფროსი მასწავლებელი, რომელმაც ტრენინგებში მაღალი ქულები დააგროვა და შეირჩა გარე დამკვირვებლად.
2017 წლის ბოლომდე, გარე დაკვირვება იმერეთისა და შიდა ქართლის სკოლებში ჩატარდება. გარე დაკვირვებას გაივლის 100-ზე მეტი უფროსი მასწავლებელი, რომელიც პილოტირების პროცესში ჩაერთო.
2018 წლის იანვრიდან, პილოტირების შედეგების შეფასების შემდეგ, გარე დაკვირვება, საქართველოს მასშტაბით, ყველა სკოლაში ამოქმედდება.
გარე დაკვირვების გავლა ყველა იმ უფროსს მასწავლებელს შეუძლია, რომელსაც მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით მოპოვებული აქვს 13 კრედიტქულა და გასავლელი აქვს გარე დაკვირვების სავალდებულო კომპონენტი.
გარე დაკვირვების შესახებ ინფორმირების მიზნით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე მანანა რატიანი, ცენტრის ექსპერტებთან ერთად, იმერეთის რეგიონში, გარე დაკვირვების პილოტზე რეგისტრირებულ უფროს მასწავლებლებს, სკოლის დირექტორებსა და რესურსცენტრების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე სასკოლო საზოგადოება დეტალურად გაეცნო როგორც გარე დაკვირვების გავლის პროცედურებს, ისე შეფასების კრიტერიუმებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.