უფლისციხის პროექტმა აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საგრანტო პროგრამაში გაიმარჯვა
უფლისციხის პროექტი ამერიკის ელჩის 2018 წლის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საგრანტო პროგრამის გამარჯვებულია.
პროგრამის ფარგლებში ძეგლზე კომპლექსური მონიტორინგის სისტემა დამონტაჟდება და ერთიანი კვლევების საფუძველზე შემუშავდება ძეგლის მოვლის სამუშაოები. უფლისციხის ნაკრძალის კომპლექსური მონიტორინგის სისტემის, გამაგრება-კონსოლიდაციისა და დაცვის გადაუდებელი ღონისძიებების გრძელვადიან სამოქმედო გეგმებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი შეიმუშავებს.
გამოვლინდება კლდოვანი მასივის კრიტიკული არეალები, გატარდება კლდის შესაძლო ნგრევის საწინააღმდეგო ღონისძიებები. პროექტი ასევე მიზნად ისახავს ძეგლის კონსერვაციის მოკლე და გრძელვადიანი სამოქმედო გეგმის შემუშავებას.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურული მემკვიდრეობისა და გარემოს კვლევის ცენტრს, კომპლექსური მონიტორინგის სისტემის შექმნის მიზნით, 200 ათასამდე აშშ დოლარის ოდენობის გრანტი გადაეცა. პროექტი ხორციელდება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით და მასში იტალიელი სპეციალისტებიც არიან ჩართული.
უფლისციხეში სამუშაოების პრეზენტაციას საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილე ელიზაბეტ რუდი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ილიას უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეერთებული შტატების მხარდაჭერით, 2001 წლიდან მოყოლებული 1 მილიონ დოლარზე მეტი გამოიყო კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და შენარჩუნებისთვის.