უფლებადამცველი ორგანიზაციის ინფორმაციით, ბელარუსში საპროტესტო აქციებზე 250 ადამიანი დააკავეს
უფლებადამცველი ორგანიზაციის ინფორმაციით, ბელარუსში საპროტესტო აქციებზე 250 ადამიანი დააკავეს

ბელარუსში საპროტესტო აქციებზე 250 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას უფლებადამცველი ორგანიზაცია „ვესნა“ ავრცელებს. თავის მხრივ, ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დაკავებულია 100 პირი.

უფლებადამცველების ცნობით, დემონსტრანტების უმეტესობა მინსკში დააკავეს. აქტივისტები დააპატიმრეს ასევე ბრესტში, სოლიგორსკში, გომელში და ნოვპოლოცკოეში.

შეგახსენებთ, 26 მარტს ბელარუსში „თავისუფლების დღის“ აღსანიშნავი მიტინგების გამართვა იგეგმებოდა. აქციის გამართვას ოპოზიცია მინსკში აპირებდა, თუმცა შემდეგ გადაიფიქრა, რადგან დემონსტრაციებზე საჭირო რაოდენობის მონაწილეები არ შეიკრიბნენ. ამის გამო აქტივისტების უსაფრთხოების დასაცავად დემონსტრაციები სხვადასხვა რაიონებში გაიმართა.

მიუხედავად ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ „მასობრივი და არასანქცირებული მიტინგი არც ერთ რაიონში არ გამართულა“.

საგამოძიებო კომიტეტმა კი სისხლის სამართლის საქმე აღძრა ჯგუფური ქმედებებზე, რაც მათი მტკიცებით საზოგადოებრივი წესრიგის უხეშ დარღვევას წარმოადგენდა და ასევე სოციალურ ქსელებში მიტინგებისკენ მოწოდების გამო.

ბელარუსში საპროტესტო აქციები ერთ წელიწადზე მეტია, იმართება. ოპოზიცია ხელისუფლებას საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებასა და მიტინგების მონაწილეთა წინააღმდეგ ძალადობაში ადანაშაულებს. ლუკაშენკოს ოპონენტები ხელახალი არჩევნების გამართვას ითხოვენ.