შერეული საბრძოლო ორთაბრძოლების ყველაზე პოპულარული ორგანიზაციის, UFC -ის ფარგლებში სამი საჩემპიონო ბრძოლა გაიმართა და ქამარი სამივე ჩემპიონმა დათმო.
UFC 217-ის მთავარი ბარათის პირველ საჩემპიონო ორთაბრძოლაში ერთმანეთს აქამდე დაუმარცხებელი ჩემპიონი (14:0) ჯოანა ჯედრეზეიჩიკი და როუს ნამაჯუნასი დაუპირისპირდნენ.
ბრძოლის უდაო ფავორიტად მოქმედი ჩემპიონი მიიჩნეოდა, თუმცა 25 წლის ნამაჯუნისმა ყველა მოლოდინის საპირისპიროდ პირველივე რაუნდში ნოკაუტით გაიმარჯვა და „ჩალისწონის“ დივიზიაში (48-52 კგ.) საჩემპიონო ქამარი მოიპოვა.
გულშემატკივარს დიდი მოლოდინი ჰქონდა მეორე საჩემპიონო ორთაბრძოლის მიმართ, რომელშიც ერთმანეთს კოდი გარბრანდტი და ტიჯეი დილაშაუ შეხვდნენ. მსუბუქი წონის მებრძოლები წარსულში „თიმ ალფა დოგში” თანაგუნდელები იყვნენ და ერთადაც ვარჯიშობდნენ, თუმცა მას შემდეგ რაც დილაშაუმ გუნდი დატოვა მათ ურთიერთობა გაუფუჭდათ.
შეხვედრის პირველ რაუნდში მოქმედი ჩემპიონი გარბრანდტი დომინირებდა. ტექნიკურმა და სწრაფმა სპორტსმენმა რაუნდის მიწურულს დილაშაუ ნოკდაუნშიც გაუშვა, თუმცა, დროის ამოწურვის გამო, საქმის ბოლომდე მიყვანა ვერ მოახერხა.
მეორე რაუნდში თანაბარი ბრძოლა მიდიოდა, მანამ სანამ დილაშაუმ მეტოქეს ძლიერი დარტყმა არ გაუტარა და ნოკაუტით დაამარცხა. გარბრანტმა (11-1) კარიერაში პირველად წააგო, დილაშაუმ კი საჩემპიონო ქამარი დაიბრუნა.
UFC 217-ის მთავარი ღონისძიება საშუალო წონის ჩემპიონ მაიქლ ბისპინგსა და ლეგენდარული ჯორჯ სენ-პიერის ორთაბრძოლით (26-2) დასრულდა.
„ჯი-ეს-პი“ ოქტაგონს დიდხნიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა, ახალ წონაში იასპარეზა, ჩემპიონი მგუდავი ილეთით დაამარცხა და გახდა მეოთხე მებრძოლი (რენდი კუტურის, ბიჯეი პენის და კონორ მაკგრეგორის შემდეგ), რომელმაც UFC-ის ჩემპიონის ტიტული ორ წონით კატეგორიაში მოიპოვა.