უელსთან წაგებული მატჩის შემდეგ ქართველმა მორაგბეებმა კომენტარები გააკეთეს
იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიო თასზე დღეს საქართველოს ნაკრებმა პირველი მატჩი უელსის წინააღმდეგ გამართა და ანგარიშით 14:43 დამარცხდა. გულშემატკივარს თამაშის შემდეგ ორგვარი შეგრძნება დარჩა, რადგან პირველი ტაიმი ბორჯღალოსნებმა აშკარად ჩააგდეს.
მეორე ტაიმში გუნდმა თამაში გამოასწორა და მეტოქეს ორი ლელო დაუდო, თუმცა სიტუაციის გამოსასწორებლად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.
სოსო მათიაშვილი: შესვენებაზე დავილაპარაკეთ და თამაში გამოვასწორეთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩამორჩენა მაინც იგივე დარჩა, რაც პირველი ტაიმის ბოლოს, გარკვეული პლუსები მაინც იყო. მომავალში შევეცდებით, მსგავსი გამოთიშვები აღარ გვქონდეს.
ბექა გორგაძე: უზომოდ რთული დასაწყისი გამოდგა. ძალიან ადვილად გავეცით ქულები და მეორე ტაიმში, როცა უკვე გამოვფხიზლდით, მეტოქეს საკმაოდ დიდი უპირატესობა ჰქონდა.
ეს მარცხი უარყოფით გავლენას გუნდზე არ იქონიებს. ბოლომდე მობილიზებულები ვიქნებით და ურუგვაისთან შევეცდებით ის ანგარიში დავაფიქსიროთ, რომელსაც ჩვენი გულშემატკივარი ჩვენგან ელის.
ოთარ გიორგაძე: პირველ წუთებში შეცდომები დავუშვით. მეტოქის მიზანი ჩვენი გადაბმის წერტილები იყო და ჩვენთვის შემდეგ მდევრის როლში ყოფნა რთული აღმოჩნდა. მომდევნო თამაშში შევეცდებით, ეს ჩავარდნები არ გვქონდეს.