„ბორჯღალოსნები“ მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს დაუპირისპირდებიან
„ბორჯღალოსნები“ მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს დაუპირისპირდებიან

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 2020 წლის ივლისში ტესტ შეხვედრას სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ ჩაატარებს. ინფორმაციას სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

2020 წლის ივლისის ტესტ მატჩების საერთაშორისო კალენდრის მიხედვით, სამხრეთ აფრიკა სამშობლოში სამ მატჩს გამართავს. მოქმედი ჩემპიონები 4 და 11 ივლისს შოტლანდიას ეთამაშებიან. 18 ივლისს კი „ბორჯღალოსნებს“ შეხვდებიან. სამივე შეხვედრა სამხრეთ აფრიკაში გაიმართება, თუმცა ჯერჯერობით არ არის ცნობილი მასპინძელი ქალაქების ვინაობა.

შოტლანდიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები სამხრეთ აფრიკაში 2014 წლის შემდეგ არ ჩასულა. რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, „ბორჯღალოსნებს“ სამხრეთ აფრიკის ეროვნულ ნაკრებთან მხოლოდ ერთი შეხვედრა აქვთ ჩატარებული 2003 წლის მსოფლიოს თასის გათამაშებაზე, სადაც სამხრეთ აფრიკამ საქართველოს 46:19 მოუგო.