რაგბის მსოფლიო თასის ფინალში ინგლისი და სამხრეთ აფრიკა ითამაშებენ | იაპონია 2019
რაგბის მსოფლიო თასის ფინალში ინგლისი და სამხრეთ აფრიკა ითამაშებენ | იაპონია 2019

იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიო თასზე მეორე ნახევარფინალური მატჩი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს უელსისა და სამხრეთ აფრიკის გუნდები შეხვდნენ.

პირველმა ტაიმმა თანაბარ ბრძოლაში ჩაიარა და დაბალშედეგიანი აღმოჩნდა. მაყურებელმა მხოლოდ ხუთი ზუსტად შესრულებული ჯარიმა იხილა და შესვენებაზე გუნდები ანგარიშით 6:9 გავიდნენ აფრიკელთა სასარგებლოდ.

მეორე ნახევრის დებიუტში უელსმა ანგარიშის გათანაბრება შეძლო, თუმცა 57-ე წუთზე სამხრეთაფრიკელებმა ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს, როდესაც მეტოქის ჩათვლის მოედანზე დაამიწეს ბურთი (დე ალენდე, გარდასახვა – პოლარდი) და ანგარიში 9-16 გახადეს.

მიუხედავად ამისა, 67-ე წუთზე ბრიტანელებმა საპასუხო ლელოს დადება მოახერხეს და ანგარიში ისევ გაათანაბრეს – 16:16.

მატჩის დასრულებამდე ხუთ წუთზე ნაკლები რჩებოდა, როდესაც სამხრეთ აფრიკამ კიდევ ერთი და, როგორც მოგვიანებით გაირკვა, გადამწყვეტი ჯარიმა გაიტანა და მატჩი „ქურციკებმა“ 16:19 მოიგეს.

ამრიგად, 2 ნოემბერს, რაგბის მსოფლიო თასის ფინალში, ერთმანეთს ინგლისისა და სამხრეთ აფრიკის გუნდები დაუპირისპირდებიან.