კარდიფში, უელსის მთავარ სტადიონზე, “ფრინსიფალითიზე“, საქართველოს ნაკრებისთვის ისტორიული სარაგბო შეხვედრა გაიმართა: “ბორჯღალოსნები” არსებობის ისტორიაში პირველად ხვდებოდნენ უელსელ “დრაკონებს”.
ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა ზუსტად იგივე შემადგენლობით დაიწყო მატჩი, როგორც ერთი კვირის წინ, კანადის ნაკრების წინააღმდეგ. უელსის მწვრთნელმა, უორენ გეთლანდმა კი ერთბაშად 14 ახალი მოთამაშე გაიყვანა მოედანზე.
მიუხედავად იმისა, რომ მასპინძელთა რიგებში ბევრი ახალი სახე იყო და მეტოქე, ფაქტობრივად, მეორე შემადგენლობით თამაშობდა, უელსმა ძალიან აქტიურად დაიწყო, თუმცა, პირველი ლელო მხოლოდ მე-18 წუთზე დადო – ჰალამ ეიმოსმა მარცხენა ფლანგზე დაასრულა სწრაფი შეტევა. მანამდე კი რის პრისტლენდმა ჯერ ჯარიმა გაიტანა, შემდეგ კი ლელოს გარდასახვაც მოახერხა და ანგარიში 10:0 გახდა.
ეიმოსმა მეორე ლელოც გაიტანა, თუმცა ფრანგმა მსაჯმა, მატიო რეინალმა, უელსელებს ხელით წინ თამაში დაუფიქსირა და ლელო გაუქმდა.
პირველი ტაიმში სოსო მათიაშვილმა ერთი ჯარიმა გაიტანა და შესვენებისთვის ანგარიში 10:3 დაფიქსირდა.
მეორე ნახევრის დასაწყისში მათიაშვილმა მეორე ჯარიმა გაიტანა და ანგარიში შეამცირა – 10:6.
რაც დრო გადიოდა, საქართველოს ნაკრები სულ უფრო თამამად თამაშობდა, უელსს კი უფრო მეტად უჭირდა და ლელოს შანსებიც ნაკლებად უჩნდებოდა.
როგორც კი მასპინძლებს ჯარიმის შანსი გაუჩნდათ, მაშინვე დაარტყეს და პრისტლენდმა ანგარიში 13:6 გახადა.
“ბორჯღალოსნებზე” ამ მომენტს არ უმოქმედია და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჰეიგის გუნდმა თამაშის ბოლო 15 წუთში მოგებაზე ითამაშა და სულ ცოტა დააკლდა მატჩის გადარჩენამდე. ხანგრძლივი იერიშისას, ჩვენი გუნდი ხუთ მეტრამდე იყო მეტოქის ჩასათვლელ მოედანთან, მაგრამ ბოლოს „ბორჯღალოსნები“, შერკინების დატრიალებისთვის, შეტევაში დაჯარიმდნენ.
მალე საქართველოს 20-ფაზიანი შეტევა ჰქონდა, მაგრამ ისევ შეტევაში ჯარიმა მივიღეთ.
თამაშის უკანასკნელი წამები საქართველოს ნაკრებმა მეტოქის 22-მეტრიან ზონაში გაატარა, “ბორჯღალოსნებმა” უელსს ჯარიმაც ააღებინეს და ისევ რამდენიმე მეტრი იყო დარჩენილი ლელომდე, მაგრამ 11-ფაზიანი შეტევის შემდეგ, კვლავ შეტევაში ჯარიმით დასრულდა იერიშიც და თამაში უელსმა 13:6 მოიგო.
საქართველოს ნაკრებმა ასეთი შემადგენლობით ითამაშა:
15. მათიაშვილი, 14. კოშაძე (23. კვირიკაშვილი, 74), 13. კაჭარავა, 12. შარიქაძე, 11. მოდებაძე, 10. ხმალაძე (22. ჯინჭველაშვილი, 50), 9. ლობჟანიძე (21. ბეგაძე, 56);
1. ნარიაშვილი (17. ასეიშვილი, 66), 2. ბრეგვაძე (16. მამუკაშვილი, 66), 3. ჩილაჩავა (18. ბეკოშვილი, 62), 4. მიქაუტაძე, 5. ნემსაძე (19. ჩხაიძე, 65), 6. ლომიძე, 7. კოლელიშვილი (20. თხილაიშვილი, 62), 8. ბიწაძე.